ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი - პრეზიდენტი ოკუპანტებზე

06.05.24 13:06
ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი - პრეზიდენტი ოკუპანტებზე

"ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი. არც აღდგომა იციან და არც საფლავი" - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ რამაზ ბეღელურის გატაცებას.

სალომე ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ რუსები საკუთარი და მეზობელი ქვეყნის საზღვრებს ერთმანეთისგან არ არჩევენ.

"ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ" - დასძენს პრეზიდენტი.

"ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცდა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!" - წერს პრეზიდენტი.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს - გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.

ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, როგორია 40 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მას ეპილეფსია აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება.

დაკავებულის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. რამაზ ბეღელურის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გატაცების შესახებ პოლიციას თავად აცნობა, თუმცა რამდენიმე დღის გასვლის მიუხედავად, სამართალდამცველებს ფაქტთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.