რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ახალი ცნობები საოკუპაციო ხაზიდან
"პირველებისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ოკუპანტების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელურის ოჯახთან სამართალდამცველები მივიდნენ და დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
თუ მათ დავუჯერებთ, ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც რამაზ ბეღელურის დედა იტყობინება, რუსს საოკუპაციო ძალებს დაკავებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
პოლიციელი მოვიდა. გადმომცა, რომ კარგად არის. ვკითხე, ბაზაზე ჰყავთ, თუ ციხეზე-მეთქი და მითხრეს, რომ ციხეზე არისო. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება იქ. ჩვენ არ გადავსულვართ. გუშინ მეუღლე გადავგზავნე, სანთლები აანთო საფლავზე და გადმოვიდა. დღეს ვერ გადავედით ჯერ. პოლიცია აკონტროლებს, მაგრამ იმ დღისით რატომ არ აკონტროლებდნენ, როდესაც საფლავს ჰკვეთებოდნენ და ერთ-ერთი თანასოფლელი დაიღუპა. პოლიციამ რატომ არ დაინახა ეს ყველაფერი. რისთვის დგანან იქ საერთოდ", - ამბობს ნორა ბეღელური.
ადგილობრივები "პირველებთან" ყვებიან, რომ საოკუპაციო ხაზთან პოლიცია მუდმივად პატრულირებს, თუმცა, როგორ გაიტაცეს 40 წლის კაცი შეუმჩნევლად, მათი თქმით, უცნობია.
როდესაც მნიშვნელოვანი დღეა და ხალხი საფლავზე გადის, პოლიცია სასაფლაოს ტერიტორიაზეა განლაგებული და ახლოს არის. სასაფლაოს აქვს ღობე შემოვლებული და ეს ღობე არის, ასე რომ ვთქვათ, არის ოკუპაციის ხაზი, რომლის იქითაც გადასვლა არ შეიძლება. გზის იქით ბისევია და გზის აქეთ სასაფლაო", - ამბობს ლია მიქელაძე.
"ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილზე სამართალდამცველებსაც ესაუბრა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით, პოლიციის თანამშრომლებს პასუხები არ გააჩნიათ.
"თუ რაიმე გაინტერესებთ, მიმართეთ პრესსცენტრს" - ამბობს სამართალდამცავი.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას, კარბის, მერეთისა და გუგუტიანთკარის მიმართულებით გადაადგილების უფლებას მედიას არ აძლევენ.