რატომ არ დააკავეს ლადო აფხაზავაზე მოძალადეები? - "პირველების" კითხვას პოლიციაში არ პასუხობენ
"ქართული ოცნების" მომხრეების მიერ ნაცემი ლადო აფხაზავა ექსპერტიზაზე წაიყვანეს. "პირველებს" რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, რომ დაკავებულია თავდასხმაში მონაწილე ერთი ადამიანი, მაგრამ პოლიციას კობა ფიფაიშვილი ადმინისტრაციული წესით ჰყავს დაპატიმრებული. მას არა აფხაზავას ცემას, არამედ "პირველების" ჟურნალისტზე, ნატო გოგელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. კობა ფიფაიშვილი სასწრაფოს მძღოლი და ყოფილი პოლიციელია. ის ერთ-ერთი იყო, ვინც აღდგომის დღეს რუსული კანონის მოწინააღმდეგე მასწავლებელს და მის შვილს ხის ჯოხით გაუსწორდა.
პოლიციის განყოფილებაში არ განმარტავენ, რატომ არ დააკავეს ფიფაიშვილი და სხვა მოძალადეები ლადო აფხაზავას ცემისთვის. სამართალდამცველები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.