"ხაბეიშვილს უნდა ეთქვა, რომ ლაჩარია" - რას ყვება ოქროს მოწმე, რომელიც ენმ-ს თავმჯდომარის ცემის ფაქტს შეესწრო
სასტიკი ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე - ოქროს მოწმე "პირველებთან" დეტალურად იხსენებს მოვლენათა ქრონოლოგიას და ყვება, რომ ენმ-ის თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, რა დროსაც, მინიმუმ, 15 სპეცრაზმელი მას თავს მოულოდნელად დაესხა.
მამუდ მამედოვი, რომელიც ჯერ არავის გამოუკითხავს, აცხადებს, რომ თავდაპირველად, ლევან ხაბეიშვილი წააქციეს, წიხლებს სახეში ურტყამდნენ და თვალებში ე.წ. წიწაკის სპრეის ასხამდნენ.
ოქროს მოწმე იხსენებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პერიმეტრიდან გაყვანის შემდეგ, მასთან გოგა მემანიშვილი და ზვიად ხარაზიშვილი მივიდნენ, რომლებიც ძალადობრივ მოქმედებებს ტელეფონით იღებდნენ.
"ხაბეიშვილს უნდა ეთქვა, რომ ლაჩარია, რის შემდეგაც აღარ დაარტყამდნენ" - ამბობს მამუდ მამედოვი და იქვე ამატებს, რომ ძალადობაში მხილებული პირების იდენტიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი.
ორგანიზებულად იყო. წააქციეს ლევან ხაბეიშვილი და დაესია მინიმუმ 15 სპეცრაზმელი, რომლებმაც ცემა დაუწყეს. ურტყამდნენ სახის არეში ფეხებით. სპრეიც გაუშვეს მაგ მომენტში და ახლოს არავის არ უშვებდნენ. როგორც ვიცი, გოგა მემანიშვილი და "ხარება" იყო. იღებდნენ ტელეფონებით, რადგან დაეფიქსირებინათ, თუ როგორ აყენებს თავის თავს შეურაცხყოფას ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილს უნდა ეთქვა, რომ ლაჩარია, ა.შ., რის მერეც აღარ დაარტყამდნენ. ნომრებიდან გამომდინარე, ამოიცნობენ კიდევაც და დაადგენენ, ვინ არიან. ყოფილი თანამშრომელი ვარ და ვიცი, როგორ, რა ხდება. მათ ამოცნობას და მაგის დადგენას ორი წუთი უნდა, მაგრამ დავალება აქვთ ბიძინა ივანიშვილის და გომელაურის", - ამბობს მამუდ მამედოვი.
ცნობისთვის, კოკა კაციტაძის უწყებამ "პირველებს" მიაწოდა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე არაერთხელ დაიბარეს, თუმცა უცნობი მიზეზებიდან გამომდინარე, ენმ-ის თავმჯდომარე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ მისულა.

შეგახსენებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ორ კვირაზე მეტია, რაც პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. 30 აპრილს სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დაშავებულთა შორის პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილიც არის.