"გავათენოთ საქართველოსთვის" - 12 მაისს, 22:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
"გავათენოთ საქართველოსთვის" - 12 მაისს, 22:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და რუსულ კანონს კიდევ ერთხელ ეტყვიან უარს.
ორგანიზატორები ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს მოუწოდებენ, რომ 13 მაისს დაგეგმილ იურიდიულ კომიტეტთა სხდომას საკანონმდებლო ორგანოსთან შეხვდნენ.
საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.
ყველა, ვინც ვირჩევთ საქართველოს ევროპაში და არ-ს ვეუბნებით რუსულ კანონს – 12 მაისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.
რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, ფაუერბანკები, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ.
ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება "ოცნების" დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინაღმდეგო მოქმედება.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!