რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაზარალებულები სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაზარალებულები სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ - აქტივისტები ამბობენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით რეზინის ტყვიები გაფრთხილების გარეშე ისროლეს.
"ფეხსაცმელი და ჩაფხუტი მაქვს გახვრეტილი. რომ არ მფარებოდა, ალბათ, თავში მომხვდებოდა" - ამბობს აქტივისტი ირაკლი მილაძე და იქვე დასძენს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.
ახალგაზრდა ღიად აცხადებს, რომ მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებისა, სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ, რასაც მისი თქმით, ათობით დაზარალებული ადამიანის მდგომარეობა ცხადყოფს.
ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ესროდნენ ადამიანებს. მე თვითონ ფეხში მომხვდა ერთი, ფეხსაცმელი მაქვს გახვრეტილი და ასევე ჩაფხუტი არის გახვრეტილი. რომ არ მფარებოდა, ალბათ, თავში მომხვდებოდა. არ ყოფილა ამის ცნობა არც რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით და არც ცრემლსადენ გაზთან დაკავშირებით. იტყვიან, რომ არ გამოუყენებიათ. პასუხისმგებლობას ირიგებენ თავიდან, მაგრამ ფაქტები და მოვლენები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. თუნდაც ჩემი მდგომარეობა, თუნდაც ჩემი მეგობრის მდგომარეობა. მას გულთან და მენჯთან აქვს მოხვედრილი ტყვია", - ამბობს ირაკლი მილაძე.
სამოქალაქო აქტივისტები ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის რეზინის ტყვიების გამიზნულად სროლაშიც ადანაშაულებენ.
"ვიღაცამ სპეციალურად დამიმიზნა, ერთი ტყვია ბარძაყის, ხოლო მეორე გულმკერდის არეში მომხვდა" - ამბობს აქტივისტი აიგო აბაკელია.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ მოქალაქეებს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, ამიტომ გეგმავენ, რომ საჩივარი სასამართლოში შეიტანონ.
ქაფი გაუშვეს. ბარიკადები უკვე ჩამონგრეული იყო წყლის ჭავლით. ხალხი იყო ორ ნაწილად გაშლილი მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ჟურნალისტები იღებდნენ, აფიქსირებდნენ ფაქტებს. დროშა მეკავა და ვამბობდი, რომ ბიჭებო, ქართულ დროშას არ ესროლოთ - მეთქი. გამოვტრიალდი და გავიგონე გასროლა. ერთი ტყვია მომხვდა ბარძაყის არეში და მეორე გულმკერდის არეში. ვიღაცამ სპეციალურად დამიმიზნა, რადგან პირდაპირ არ ვიდექი, ვიდექი ცოტა მარჯვენა მხარეს. ფაქტი იმას მიუთითებს, რომ რეალურად ნასროლია იმ მხრიდან. შეუძლიათ ნახონ, გადაამოწმონ მომენტი. ვჩანვარ ჩვეულებრივად და საერთოდ არ ვიმსახურებდი მათგან ნასროლ ტყვიას", - ამბობს იაგო აბაკელია.