ჩვენ გვინდა ცხოვრება საქართველოში, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონეა - ნიკოლოზ რაჭველი

09.05.24 19:20
ჩვენ გვინდა ცხოვრება საქართველოში, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონეა - ნიკოლოზ რაჭველი

ჩვენ საქართველოში გვინდა ცხოვრება, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაა, - ამის შესახებ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა.

რაჭველის თქმით, აღნიშნული გზავნილს ყველა ის არტისტი უერთდება, ვინც ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში მიიღებს მონაწილეობას და სცენაზე ყველა მის სათქმელს იტყვის. 

„ამ „მესიჯითა" და გზავნილით გამოდის დღეს ყველა არტისტი სცენაზე, ეს არის ჩვენი ერთობლივი სურვილი და მადლიერება ევროკავშირის ქვეყნების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გვერდით უდგანან, გვამხნევებენ და გვეხმარებიან“, - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ნიკოლოზ რაჭველი გუშინდელ სადამსჯელო ოპერაციასა და ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები დანაშაულია.

„ჩვენ ვართ ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლები, ჩვენ მუსიკას ვემსახურებით. შესაბამისად, ყველანაირ ძალადობას, ასევე ყველა პროვოკაციას, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებების მქონდე ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, აპირისპირებს, ცალსახად ვგმობთ, ვაპროტესტებთ. მე ვთვლი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საუბარია საჭირო. ძალადობრივი მეთოდები არის დანაშაული. დარწმუნებული ვარ ყველა დამნაშავე ოდესღაც პასუხს აგებს“, - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს მართავს.