ღიად გამოცხადებული ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ - სისხლიანი 8 მაისის ღამის არც ერთი თავდამსხმელი დაკავებული არ არის
ღიად გამოცხადებული ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სისხლიანი 8 მაისის ღამის არც ერთი თავდამსხმელი დაკავებული არ არის. უფრო მეტიც გამოძიებას ჯერ იდენტიფიცირებულიც არ ყავს არც ერთი დამნაშავე. არადა არსებობს არაერთი კამერის ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს როგორ უსწორდებიან რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მოძალადეები. ხელკეტებით შეიარაღებული სადამსჯელო რაზმები ამ დრომდე დაუსჯელად დათარეშობენ.
პოლიტიკოსი, დიპლომატი, სამოქალაქო აქტივისტი - რამდენიმე საათიანი ინტერვალით თბილისის სხვადასხვა უბანში ხელისუფლებამ საჩვენებელი ანგარიშსწორება მოაწყო. 9 მაისის გამთენიისას, როდესაც საზოგადოებას ევროპის დღე უნდა აღენიშნა, ოცნებამ საპროტესტო მოძრაობის აქტიური წევრების სამაგალითო დასჯა გადაწყვიტა. თუმცა ხელისუფლების სადამსჯელო კამპანიამ საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო. ოცნების რეპრესიებს საზოგადოება უკომპრომისო ბრძოლით პასუხობს.