2.4 მილიონი ლარის მითვისებისთვის ერთ-ერთი ბანკის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავეს

15.07.21 10:26
2.4 მილიონი ლარის მითვისებისთვის ერთ-ერთი ბანკის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავეს

ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ამავე ბანკის მენეჯერი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ერთ-ერთი კომერციული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. 
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს  2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს,
- წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

მსგავსი სიახლეები