გუშინ დაიჭირეს ფიზიკის პირველი ნაკადის სტუდენტი გუგა მიქაბერიძე - FreeUni-ის პროფესორი

10.05.24 20:00
გუშინ დაიჭირეს ფიზიკის პირველი ნაკადის სტუდენტი გუგა მიქაბერიძე - FreeUni-ის პროფესორი

9 მაისს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გუგა მიქაბერიძე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას FreeUni-ს პროფესორი, ზაზა ოსმანოვი ავრცელებს.

პროფესორი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და საქართველოს ევროპული მომავალი ბოლომდე დაიცვან.

"SOS! SOS! SOS!

გუშინ დაიჭირეს (დაკავების ვიდეოა კომენტარში) ფიზიკის პირველი ნაკადის საუკეთესო სტუდენტი (ჩვენი ალუმნი) გუგა მიქაბერიძე: თავისუფალი უნივერსიტეტის სახე, დაამთავრა არა მარტო ფიზიკის სკოლა, არამედ მათემატიკის და კომპ. მეცნიერებათა სკოლა (MACS), ფიზიკის სკოლის საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდოს მლობელი (იხ. ბმული), ჯერ კიდევ სტუდენტობისას სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციებზე, ამზადებდა საქართველოს საერთაშორისო ტურნირებისთვის ნაკრებებს წარმატებით (ოქროს მედლები), იყო ზეილონა გორას უნივერსიტეტში ერაზმუს პროგრამით წასული და შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა სადოქტორო პროგრამის ფარგლებში UC DAVIS -ში.

ყველა ნორალური მთავრობა იამაყებდა ასეთი ახალგაზრდით - ესენი ციხეში სვამენ.

ყველა გ ა რ ე თ უნდა გამოვიდეთ გაასმაგებული რაოდენობით. აუტანელია ამის ყურება - წერს ოსმანოვი.