"პოლიციისთვის არ დაგვირეკავს, რადგან "ტვ პირველის" მაგალითზეც მივხვდით, რომ აზრი არ აქვს" - მოქალაქეების დაშინების მცდელობები გრძელდება
დაშინებები გრძელდება - "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის, როკო მწყერაშვილის ცოლი, "პირველებთან" გუშინდელ ღამეს იხსენებს, თუ როგორ მიადგნენ სახლში და როგორ დაემუქრნენ როკოს დედას.
თინათინ ბოლოქავაძე ამბობს, პოლიციისთვის არ დაურეკავთ, რადგან "ტვ პირველის" მაგალითზე მიხვდნენ, რომ ამას აზრი არ აქვს.
გუშინ ღამის ორი საათი იყო, მე და მეუღლე მივდიოდით დასაძინებლად, როდესაც დამაფონზე ზარი გავიგეთ. როკოს დედა გვყავს სტუმრად რამდენიმე დღით და ის იყო პირველი ადამიანი, ვინც უპასუხა. დაემუქრნენ და უთხრეს, რომ როკო თუ სახლშია უნდა ჩამოვიდეს, ის არის ახალგაზრდების ტვინის გამომრეცხავი და დაემუქრნენ, რომ როკოს სცემდნენ, თუ ჩავიდოდით. რასაკვირველია, არ ჩავედით, არც პოლიციისთვის დაგვირეკავს, რადგან ბოლო დღეებში "ტვ პირველის" მაგალითზეც მივხვდით, რომ პოლიციასთან დარეკვას აზრი არ აქვს, რადგან პოლიცია არ რეაგირებს. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ფულზე და 50 ლარზე გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ. აქამდე თუ დაშინების სხვა ფორმა იყო, რაც იყო სახლთან დახვედრები და დარეკვები, ახლა სხვა ფორმა არჩიეს, რაც არის ოჯახის ტერორი, რომელსაც ასევე ველოდით", - ამბობს თინათინ ბოლოქავაძე.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, როკო მწყერაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღამით სახლში მიადგნენ და ოჯახი "აუწიოკეს".
"თქვე ფარჩაკებო ღამის 2 სთზე სახლში დამადექით, დედაჩემს ელაპარაკებით და გგონიათ შეგვაშინებთ? ოჯახის წევრებს მიწიოკებთ ჰო? მაგრად ცდებით თუ გგონიათ შეგვაშინებთ. აქეთ ფრთხილად იყავით სულ ყველა, თქვე ახვრებო," - წერს როკო მწყერაშვილი.