ყველა ხელისუფლება ძალიან ცუდად ამთავრებს, როდესაც გადადის პირდაპირ აგრესიაზე - ქეთათო ჩარკვიანი

11.05.24 13:12
ყველა ხელისუფლება ძალიან ცუდად ამთავრებს, როდესაც გადადის პირდაპირ აგრესიაზე - ქეთათო ჩარკვიანი

"ყველა ხელისუფლება ძალიან ცუდად ამთავრებს, როდესაც გადადის პირდაპირ აგრესიაზე" - ამის შესახებ განცხადება ქეთათო ჩარკვიანი "პირველებთან" გააკეთა.

მომღერალი საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ქეთათო ჩარკვიანი ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები არანაირ პროვოკაციას არ აყვებიან და ევროპული მარში მშვიდობიანად, კანონის დაცვის ფარგლებში ჩატარდება.

უპირველეს ყოვლისა, ყველა ადამიანის ვალია გამოვიდეს გარეთ და მშვიდობიან პროტესტს შეუერთდეს. ხაზგასმით ვამბობ, მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენი კონსტიტუციური უფლება შეგვიძლია, გამოვიყენოთ, არანაირ პროვოკაციას არ ავყვეთ. ყველა ხელისუფლება ძალიან ცუდად ამთავრებს, როდესაც გადადის პირდაპირ აგრესიაზე და ჩვენგან იქნება მშვიდი პროტესტი. არანაირ მიზეზს არ მივცემთ, რომ დაძაბულობა შემოიტანონ", - ამბობს ქეთათო ჩარკვიანი.

 

ქვეყანა ევროპული მარშისთვის ემზადება - დღეს, ზუსტად 19:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას".

სიკვდილის ღამის ბრიგადების, დაშინების, რეპრესიების, დაჭერების, ფიზიკური ძალადობის და ცემის მიუხედავად, ქართველებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დაიცვან. 

საზოგადოებას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს შეკრების მთავარი ადგილებია, საიდანაც ხალხი ევროპის მოედანზე მივა და საკუთარ ნებასა და ხელისუფლების მოქმედებებს შორის განსხვავებებს ევროპას უჩვენებენ.

ცნობილია ასევე, რომ მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ევროპულ მარშს რიგითი მოქალაქეების გარდა შეუერთდებიან მსახიობები, ხელოვანები, მომღერლები და საზოგადოებისთის ცნობილი სხვა სფეროს წარმომადგენლები.