არავის არ ეშინია მათი მოგზავნილი "კუნთმაგარი კაცების" - ანა ქარქაშაძე

11.05.24 13:33
არავის არ ეშინია მათი მოგზავნილი "კუნთმაგარი კაცების" - ანა ქარქაშაძე

"არავის არ ეშინია მათი მოგზავნილი "კუნთმაგარი კაცების" - ამის შესახებ განცხადება ანა ქარქაშაძემ "პირველებთან" გააკეთა.

სამოქალაქო აქტივისტი ღიად აცხადებს, რომ მიუხედავად სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეებისა, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი არ შეწყდება.

ანა ქარქაშაძე ამბობს, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადები კანონის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აუცილებლად აგებენ.

პირველ რიგში, არავის არ ეშინია მათი მოგზავნილი "კუნთმაგარი კაცების". ამან უკურეაქციაც კი გამოიწვია. უფრო მეტად გავღიზიანდით. გავღიზიანდით მშობლები, რადგან ჩვენ შვილებს სცემენ. ჩვენი სისხლი და ხორცი თუ არ არიან იმ წუთას იქ ნაცემები, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ისინი მაინც ჩვენი შვილები არიან. აუცილებლად მოვა დრო, რომ მათ სისხლის პასუხისმგებლობაში მისცემენ", - ამბობს ანა ქარქაშაძე.

ქვეყანა ევროპული მარშისთვის ემზადება - დღეს, ზუსტად 19:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას".

სიკვდილის ღამის ბრიგადების, დაშინების, რეპრესიების, დაჭერების, ფიზიკური ძალადობის და ცემის მიუხედავად, ქართველებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დაიცვან. 

საზოგადოებას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს შეკრების მთავარი ადგილებია, საიდანაც ხალხი ევროპის მოედანზე მივა და საკუთარ ნებასა და ხელისუფლების მოქმედებებს შორის განსხვავებებს ევროპას უჩვენებენ.

ცნობილია ასევე, რომ მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ევროპულ მარშს რიგითი მოქალაქეების გარდა შეუერთდებიან მსახიობები, ხელოვანები, მომღერლები და საზოგადოებისთის ცნობილი სხვა სფეროს წარმომადგენლები.