მამაჩემს თავს დაესხა მეზობელი, რომელიც დიდი ეჭვი მაქვს, რომ სუს-თან არის დაკავშირებული - ანა სუბელიანი
ანა სუბელიანი მოძალადეთა ჯგუფების უმკაცრესად დასჯას ითხოვს - "თბილისი პრაიდის" თანადირექტორი პირდაპირ ამბობს, რომ მამამისზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირი კანონის წინაშე პასუხს აუცილებლად აგებს.
სუბელიანი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალებს იხსენებს და "პირველებთან" ყვება, რომ მის 73 წლის პენსიონერ მამას საკუთარი მეზობელი ფიზიკურად გაუსწორდა.
სამოქალაქო აქტივისტს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავდამსხმელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქვს მჭიდრო კავშირი.
ბოლო დღეების განმავლობაში, ისევე როგორც სხვა ადამიანები, მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც ვიღებდით მუქარას. მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს დას ურეკავდნენ. სადარბაზოში აგენტი წერია და კიდევ რაღაცები, რაც გასაგებია, რომ ჩემთან დაკავშირებით არის დაწერილი. მერე მამაჩემს თავს დაესხა მეზობელი, რომელიც დიდი ეჭვი მაქვს, რომ სუს-თან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. ვიცი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალს ვერ ვიპოვით, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და ყველას ვპირდები, რომ დაისჯებიან ბოლომდე, კანონის მთელი სიმკაცრით. ყველას ვაგებინებ პასუხს, ვინც ჩემი ოჯახის წევრებს ოდნავ მაინც მიაყენებს ზიანს", - ამბობს სუბელიანი.