„ვისოლის" მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა
„ვისოლის" მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა - კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, სალომე გველესიანი წერს, რომ მიზეზი "ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარებაა".
ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ.
ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მოხმარებლებისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდის და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე – მოციმციმე შუქურად, მთავარ გულშემატკივრად და ძალის მიმცემ ბრენდად ფორმირდებოდა.
ვწუხვარ, რომ მოვლენები ისე განვითარდა, ამ გზაზე კომპანიასთან გამომშვიდობება გადავწყვიტეთ.
დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ამ გამრუდებულ მიმართულებას გავასწორებთ და ერთად აღვასრულებთ ჩვენი თაობის მთავარ მისიას – გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
კეთილი მგზავრობა საქართველოს ამ გზაზე.
პ.ს. ცალკე დიდი პოსტი უნდა მიეძღვნას იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფერს საოცარი ენთუზიაზმით და სიყვარულით ვაკეთებდი, მაგრამ ამაზე ცალკე..."- წერს გველესიანი.
შეგახსენებთ, რუსულ კანონს გასულ კვირას საქართველოს მსხვილი ბინზესების ნაწილმა მხარი დაუჭირა. კანონის მხარდამჭერ ბიზნესებს შორის იყო Wissol-ის დამფუძნებელი.
მალევე შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს საგანგებო მიმართვა და თქვეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ იმ კომპანიებს, რომლებმაც რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი.