ევროპულ მარშს საჯარო მოხელეებიც უერთდებიან - მსვლელობაზე ნინი შენგელია მივიდა

11.05.24 20:30
ევროპულ მარშს საჯარო მოხელეებიც უერთდებიან - მსვლელობაზე ნინი შენგელია მივიდა

ევროპულ მარშს საჯარო მოხელეებიც უერთდებიან - რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მსვლელობას განათლების სამინისტროს თანამშრომელი, ნინი შენგელია შეუერთდა. 

ნინი შენგელია "პირველებთან" ამბობს, რომ მზად არის, საკუთარი სამშობლოს ევროპული მომავალი ყველაფრის ფასად დაიცვას.

"მე დღეს აქ უნდა ვიდგე იმისთვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის მომავალი" - ამბობს საჯარო მოხელი. 

ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. აქ ვართ წარმოდგენილი ადამიანები, რომელთაც ძალიან გვაწუხებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც გაიზარდა ევროპულ ღირებულებებზე. დღევანდელი დღე არის ამ ერთობის სიმბოლო. ბოლოს ასეთი ერთიანი საქართველო როდის ვნახე, არ მახსოვს. მე ვარ საჯარო მოხელე, მაგრამ არ ვიცი, ეს უხერხულობას შემიქმნის თუ არა. ადამიანებთან ვისთანაც ვმუშაობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან საჯარო სექტორშიც ბევრი პატრიოტი ადამიანი მუშაობს, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე, მე დღეს ეს არჩევანი გავაკეთე. ვმუშაობ განათლების სამინისტროში. მე დღეს აქ უნდა ვიდგე იმისთვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის მომავალი", - ამბობს ნინი შენგელია.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - საქართველო ქუჩაშია. ევროპულმა მარშმა გეზი ოთხი ლოკაციიდან აიღო. მოქალაქეები მეტრო 300 არაგველზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. ამ წუთებში ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.