50-მდე მეღვინე ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ - ერთობლივი მიმართვა

15.07.21 12:18
50-მდე მეღვინე ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ - ერთობლივი მიმართვა

წერილს, რომელსაც ხელს 49 ქართველი მეღვინე აწერს, ასოციაცია „ღვინის ოსტატების“ დამფუძნებელი, ანდრო ბარნოვი, ავრცელებს.  წერილის მთავარი მიზანია, ბიძგი მისცეს  საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს დაზიანებული იმიჯის აღდგენის კამპანიას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პროფესიულმა ჯგუფმა, ადამიანებმა, რომლებსაც ქუჩაში დგომისა და მუშტი-კრივისათვის არ სცალიათ, ხმა ამოიღონ და შემოუერთდნენ ამ კამპანიას. 

წერილზე ხელმომწერი მეღვინეები გმობენ ჰომოფობიას და შეუწყნარებლობას უმცირესობების მიმართ, ემიჯნებიან ძალადობას და სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს დასავლური კურსის მიმართ. 

"ქართველ მეღვინეთა მიმართვა ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ და დასავლური ინტეგრაციის სასარგებლოდ
საქართველოს მეღვინეები, ვინც ამ წერილს ვუერთდებით, მოგმართავთ ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი ღვინის მსმელებს, დამფასებლებსა და ჩვენი ცხოვრების წესის მცოდნე ხალხს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენი საქმიანობის ნიუანსების მცოდნე და თანამონაწილე ადამიანებს, პარტნიორებს, პროფესიონალებს, მოყვარულებს, ძველსა თუ ახალ თაობას. მოგმართავთ ადამიანები, რომლებიც ვაგრძელებთ, ვქმნით და წარმოვადგენთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრადიციას, მეღვინეობას, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და ქვეყნის სავიზიტო ბარათს.

ამ წერილის ხელმომწერთა უდიდესი ნაწილი ვართ მცირე მარნების მფლობელი მეღვინეები, ვისთვისაც, როცა ამ საქმეს ხელს ვკიდებდით, ძირითადი მიზანი არასოდეს ყოფილა ფულის კეთება. ამ საქმეს მივყვებით ჩვენი ქვეყნის, ტრადიციების სიყვარულით, სისხლში გამჯდარი ინტერესით მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ და იმის შეგნებით, რომ მნიშვნელოვან და დასაფასებელ როლს ვასრულებთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის განვითარების საქმეში, სადაც ჩვენს წილ აგურს პირნათლად ვდებთ.

საქართველოს აწმყოსა და მომავალს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვქმნით, ჩვენ ჩვენი სფეროების განვითარებითა და საუკეთესოდ წარმოჩინებით. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლოდ ჭირდება მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა და განვითარება, რომ შევქმნათ თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის აუცილებელი გრძელვადიანი პირობები. ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, შიდა დაძაბულობა ერთიანად გვაზარალებს როგორც მეღვინეებს, ისე ჩვენი ეკონომიკის თითოეულ სფეროს. პრობლემა იმდენად ჩვენს ჯიბეებზე ასახული ზარალი არ არის, რამდენადაც – თითოეული დარგის განვითარების შეფერხება, წლობით ნაშენები იმიჯის ჩამოშლა, ბაზრების დაკარგვა და ტურიზმის კვდომა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და კეთილდღეობაზე აისახება.

დასავლეთის ბაზრებზე გასვლა გადამწყვეტი იყო მეღვინეობის განვითარებისთვის. რუსული ბაზრებიდან იძულებითმა რეორიენტაციამ შესანიშნავი სამსახური გაუწია ჩვენი დარგის განვითარებას. დღეს ჩვენ არა მხოლოდ უფრო ძვირად ვყიდით ღვინოს, არამედ – ვაწარმოებთ გაცილებით უკეთეს პროდუქტს და მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს მსოფლიო ღვინის ოჯახში, საიდანაც ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ უსამართლოდ გაგვაქრეს. დღეს ჩვენ საქართველოს ეკონომიკის გაცილებით დიდ სეგმენტს ვკვებავთ, ვიდრე ეს შეგვეძლო 10-15-20 წლის წინ. ჩვენი დარგის განვითარება სისხლხორცეულად არის დამოკიდებული ჩვენს ღირებულებით და ბიზნეს კავშირებზე დასავლეთთან, რომელიც არის ცოდნის წყარო და იდეებითა და ახალი შემოქმედებითი იმპულსებით კვებავს საქართველოს მეღვინეობას.

როგორც ეკონომიკის, ისე ზოგადად საზოგადოების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში. თავისუფლება გადამწყვეტია ყველა ასპექტში – როგორც მორალური და ფილოსოფიური პრინციპი და როგორც განსაკუთრებული დინამიზმის მიმცემი საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსადმი. მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა, მშვიდობა, სოციალური კაპიტალი… არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც მოაქვს თავისუფლებას საზოგადოებისათვის. ქვეყნისთვის საშიში და პრინციპულად სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოს იმიჯი, დინამიურად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დასავლური ქვეყნიდან გადაიქცევა შინააშლილობის, შეუწყნარებლობის, ქაოსის, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგს, მძიმედ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ამ წერილს ხელს ვაწერთ იმ იმედით, რომ საზოგადოება ნახავს სხვა ანალოგიურ გამოხმაურებებს სხვადასხვა პროფესიული წრეების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტაგნაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ – უბრალო მოქალაქე.

ამ წერილზე ხელმოწერით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია საქართველოს განვითარება და თვითმყოფადობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლება, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა, სამოქალაქო მშვიდობის დაცვა და განუხრელი ინტეგრაცია დასავლეთთან, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ცივილიზაციური ადგილი. ჩვენ, საქართველოს მეღვინეები, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოველთვის ამ პრინციპების მიხედვით მივიღებთ პირად გადაწყვეტილებებს!

ხელს ვაწერთ:

ალეკო სარდანაშვილი. ალეკო სარდანაშვილის მარანი
ალეკო ცქიტიშვილი. “ჭორტაულის ვენახები”, ინდ.მეწარმე
ალექსი ციხელიშვილი, ციხელიშვილის მარანი, მეპატრონე
ანა ჭეიშვილი, ისტორიკოსი, კულტურული მემკვიდრეობის კურატორი
ანდრო ბარნოვი, ასოციაცია “ღვინის ოსტატები” დამფუძნებელი, მეღვინე
ანტონ ხეცურიანი, მარანი ხეცურიანი, მევენახე
არჩილ გუნიავა, არჩილ გუნიავას მარანი
არჩილ კაპანაძე. მეღვინე
ბექა ლაჭყეპიანი. ,,ღვინის ოსტატები”. მეღვინე
ბექა ნასრაშვილი, ნასრაშვილების საოჯახო მეღვინეობა, დირექტორი/მეღვინე
გელა დანელია. შ.პ.ს. დანელია და კომპანია 1907, მფლობელი
გია ტოგონიძე, შპს ტოგონიძის ღვინო, მთავარი მეღვინე და დამფუძნებელი
გია ჩუბინიძე. მარანი “ნანუა”
გიორგი ბაბუნაშვილი, კორპორაცია ქართული ღვინო, კომერციული დირექტორი
გიორგი მალაციძე. თეძამი ვაინს, დამფუძნებელი
გიორგი მშვენიერაძე, მშვენიერაძის მეღვინეობა
გიორგი მხატვრიშვილი, მხატვრიშვილის მარანი, მეღვინე
გიორგი პაროშინი, დიგიმედა, დირექტორი
გიორგი ღვარძელაშვილი, “ღვარძელაშვილის მარანი”
დავით მოსულიშვილი, მეღვინეობა „დანო“
დავითი კაჭკაჭაშვილი, მეღვინეობა „ნუკრიანი“
დათა მგელაძე, არტიზანი, მეღვინე
დარია ხოლოდილინა, Wine Junkies, თანადამფუძნებელი
ზაზა ჯაყელი, შპს “ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები”, დამფუძნებელი
ზაურ ნაცვლიშვილი, მცირე მარანი “მზეტევანი”, დამფუძნებელი, მევენახე-მეღვინე
ზურაბ სადაღაშვილი, მეღვინე
ზურაბ ხვთისიაშვილი, შპს ხვთისია
თაკო ჟურული ჟუკა-სანოს მარანი მევენახე-მეღვინე
თამარ ბოჭორიძე, “როჭოს ვენახები”, გენ. დირექტორი
თამარ ერისთავი, ”ერისთავის ღვინო” მფლობელი
თორნიკე ლომთაძე, ლომთაძეების მარანი
თორნიკე ჩუბინიძე, მარანი ჩუბინი, დამფუძნებელი
იოსებ მუხიგული, კომპანია Mukhiguli 1770, დამფუძნებელი
კახი ფარეშიშვილი მცირე მარანი “კახის ღვინო”
მანანა ახვლედიანი შპს “მადამვაინი”, დამფუძნებელი
მარინა კურტანიძე ღვინო “მარინა”, მფლობელი
მეღვინეობა „ტევრი“
მიხეილ ჭონიშვილი “ჭონას მარანი”
ნიკა ვაჩეიშვილი, ნიკა ვაჩეიშვილის მარანი, მეღვინე
ნიკო თოთლაძე, 2 ქვევრი
ნინო ნადირაძე “Two sisters”
ნინო ჩიტოშვილი, მარანი „ჩიტოს ღვინო“, დამაარსებელი, მეღვინე
ნუკრი ქურდაძე, მევენახე მეღვინე
რეზი ცეცხლაძე. მეღვინე
სოფიო ნიქაბაძე – ღვინის ბლოგერი
ქეთო ნინიძე, საოჯახო მარანი “ოდა”
ქეთო ფუტურიძე, მეღვინე
შიო მაისურაძე, “არბოს მარანი”, მეღვინე
შორენა ბოჭორიშვილი, შპს ღვენახე, დამფუძნებელი"-წერია გავრცელებულ მიმართვაში.



პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია ბმულზე.

მსგავსი სიახლეები