საქართველო რუსეთის ნაწილი არ გახდება, ბრძოლა ბოლომდე მივა - ეკა გიგაური

11.05.24 21:03
საქართველო რუსეთის ნაწილი არ გახდება, ბრძოლა ბოლომდე მივა - ეკა გიგაური

რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აქციას მესამე სექტორიც უერთდება - ამ წუთებში ევროპულ მარშზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური იმყოფება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოქალაქეების რუსული მეთოდებით დარბევასა და დაშინებას თავი დაანებოს. 

"ქართველი ხალხი არის პროევროპული ხალხი, ამიტომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - ამბობს გიგაური და იქვე დასძენს, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება.

ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს, ქართველი ხალხი არის პროევროპული ხალხი. საქართველო ვერასდროს გახდება რუსეთის ნაწილი. ყველაფერს გააკეთებს ეს ზღვა ხალხი იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული მომავალი. ამიტომ შეეშვან ამ რუსულ მეთოდებს. რაც უფრო მალე იზამენ ამას, მით უკეთესი, თორემ მთელი ის აგრესია, რაც მათგან მოდის, მათვე შემოუბრუნდებათ. ეს ბრძოლა შედეგამდე მივა. ჩვენ ჩვენს მიზანს მივაღწევთ. მე ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება დასავლეთს, დასავლეთი იდგა და იდგება ჩვენი ხალხის გვერდით. ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი ჩამოვა, რომელთაც ხელისუფლების მიმართ სერიოზული გზავნილები ექნებათ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას ვერ გაუძლებენ. აქ არ არის საუბარი კანონზე. აქ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ. ეს გადაწყვიტეს, მაგრამ ამის ნებას არავინ არ მივცემთ", - ამბობს ეკა გიგაური.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - საქართველო ქუჩაშია. ევროპულმა მარშმა გეზი ოთხი ლოკაციიდან აიღო. მოქალაქეები მეტრო 300 არაგველზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. ამ წუთებში ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.