თუ სტუდენტები სასწავლო პროცესის შეჩერებას გადაწყვეტენ და დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, ჩვენ მათ შევუერთდებით - ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები

11.05.24 21:39
თუ სტუდენტები სასწავლო პროცესის შეჩერებას გადაწყვეტენ და დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, ჩვენ მათ შევუერთდებით - ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ - თუკი ილიაუნის სტუდენტები სასწავლო პროცესის შეჩერებას გადაწყვეტენ, ლექტორ-სემინარისტები მზად არიან, ახალგაზრდებს შეუერთდნენ.

ასოცირებულმა პროფესორებმა პეტიცია შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.

ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს.

რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით - აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ - საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა. 

შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ!

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ! 

მეგობრებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ ბრძოლაში!" - წერია განცხადებაში 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს - პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან.

შვილების თაობა უარს ამბობს აუდიტორიებში ლექციებზე დასწრებაზე და ორშაბათიდან, რუსთაველის გამზირზე გაუჩერებელ პროტესტს აანონსებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე" - აცხადებენ სტუდენტები და იქვე ამატებენ, რომ 13 მაისის დილის 9 საათიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში იდგებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოწოდებას ასოცირებული პროფესორები, ნათია კუპრაშვილი და ნინო ლაპიაშვილი უერთდებიან.