ევროპას არ უნდა, რომ საქართველო დაკარგოს - გიგი გიგიაძე
"ეს არის უპრეცედენტო რაოდენობით საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ" - ამის შესახებ განცხადება გიგი გიგიაძემ ევროპული მარშის მიმდინარეობის დროს გააკეთა.
EPRC-ის უფროსი მკვლევარი აცხადებს, რომ თბილისში ხალხის გრანდიოზული მობილიზებაა, რომლებიც ივანიშვილის გუნდის ინიციატივას მკაფიოდ და ხმამაღლა ეუბნება უარს.
"სხვა ევროპულ ქვეყანაში დიდი ხნის წინ მოხდებოდა უწყვეტ პროტესტზე რეაგირება და ხელისუფლება მიიღებდა შესაბამის ზომებს" - ამბობს გიგიაძე და იქვე ამატებს, რომ ქართველი ხალხის პერმანენტული ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ეს არის უპრეცედენტო რაოდენობით საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი პროტესტი რუსული კანონმდებლობის, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მკაფიო ნიშანი იმისა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. შეუძლებელია, მესამე კვირა გრძელდებოდეს ასეთი მშვიდობიანი დემონსტრაცია ადამიანების, რომლებიც ითხოვენ რუსული კანონის უკან გაწვევას და ამას არ ჰქონდეს არანაირი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში, უკვე ძალიან დიდი ხნის წინ მოხდებოდა ამაზე რეაგირება და ხელისუფლება მიიღებდა შესაბამისს ზომებს. ჩვენთან ასეთ რაღაცას ადგილი არ აქვს. რაც შეეხებათ დიპლომატებს, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მათ თავად უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ ხედავენ სიტუაციას და უნდა იყვნენ მართლები საკუთარ თავთან, ქვეყანასთან და მოსახლეობასთან", - ამბობს გიგიაძე.
EPRC-ის უფროსი მკვლევარი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ბოლოდროინდელ განცხადებებსაც ეხმაურება და დასძენს, რომ მთელი ცივილური სამყარო ახლა საქართველოს გადასარჩენად იბრძვის.
"ევროპას არ უნდა, რომ საქართველო დაკარგოს" - აცხადებს გიგიაძე და ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.
რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამის გამართლება, ან დიპლომატიურ ჩარჩოში ჩასმა, რაც ახლა ხდება საქართველოში. ყველა ევროპულ დედაქალაქში კარგად იციან, როგორი კანონის მიღება უნდა "ქართულ ოცნებას". მიმაჩნია, რომ გაუმართლებელია. ვერაფერს ვერ იტყვის მმართველი დიპლომატი ამის გასასამართლებლად. ვერაფრით ვერ მოახდენს ამის რაღაც სხვანაირად წარმოდგენას. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, დემოკრატიის შეზღუდვის მცდელობა და ეს არის ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობრებს ზუსტად ესმით, თუ რა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო და კარგად იციან, რომ ამ კანონის გატანის შემთხვევაში, საქართველოში რეალობა შეიცვლება. განცხადებები, რომელიც კეთდება ბოლო პერიოდში ადასტურებს იმას, რომ არ უნდა ევროპას მოხდეს საქართველოს დაკარგვა. ეს იქნება იმის მკაფიო დადასტურება, რომ ჩვენი მეგობრები საქართველოს უჭერენ მხარს", - ამბობს გიგი გიგიაძე.