მუდამ ვიქნებით ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე - თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტთა განცხადება

12.05.24 22:40
მუდამ ვიქნებით ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე - თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტთა განცხადება

სტუდენტების პროტესტს თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტებიც უერთდებიან. ახალაგზრდები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეშია, რაც მშვიდობის და ხარისხიანი განათლების გარანტია.

სტუდენტები ასევე გმობენ აქტივისტების მიმართ ძალადობას და მათ ტოტალურ დაკავებებს. სწორედ ამიტომ სტუდენტები შეუძლებლად მიიჩნევენ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას.  

ჩვენ, თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ, შესაბამისად, გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ისე, როგორც არასდროს, საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა, რომელიც ჩვენთვის კეთილდღეობას, მშვიდობას და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებას ნიშნავს.

ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენსა და ჩვენს თანატოლებზე ძალადობა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. გარდა ამისა, გრძელდება სამოქალაქო აქტივისტების ტოტალური და უკანონო დაკავებები.  

ასევე ვეხმიანებით, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და დაშინების მცდელობებს და სოლიდარობას ვუცხადებთ მას!

იმ ფონზე, როცა ადამიანებს უკანონოდ იჭერენ, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას.  

მადლობა ყველა სტუდენტსა და ლექტორს უკვე გამოცხადებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოზიცია ურყევია, სტუდენტები მუდამ ვიქნებით ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე.

#არარუსულკანონს!
#კიევროპას!, - ნათქვამია განცხადებაში.