სახალხო დამცველი "ოცნების" მაშველი რგოლია, რომელიც დაგვიანებით შუაშისტურ განცხადებებს აკეთებს - კუპრაძე
ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური დავალება, რომელზეც პასუხისმგებელია გომელაური, ივანიშვილი და ხელისუფლება სრულად, - ასე აფასებს პარლამენტთან გახორციელებული ძალადობის ფაქტებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
ოპოზიციის წევრი სახალხო დამცველის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ომბუდსმენი ნაცვლად იმისა, რომ ხალხის გვერდში იდგეს, "ოცნების" მაშველი რგოლია და "შუაშისტურ" განცხადებებს აკეთებს.
კუპრაძე სამართალდამცველებსა მიმართავს და აფრთხილებს, რომ თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ჩვენ ვხედავთ უპრეცენდენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტის შენობასთან. ვხედავთ წარმოუდგენელ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მოქალაქეებზე, რომლებიც უბრალოდ სვამენ შეკითხვას შს მინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური დავალება, რომელზეც პასუხისმგებელია გომელაური, ივანიშვილი და ხელისუფლება სრულად. ერთადერთი რამ, რაც დარჩენია დღეს ხელისუფლებას, არის ის, რომ ფიზიკურად იძალადოს თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამით ვერავის შეაშინებენ! . გუშინაც ძალიან მრავალრიცხოვანი აქცია ვიხილეთ, დღესაც 10 ათასობით საქართველოს მოქალაქემ და ახალგაზრდამ გაათენა ღამე საქართველოსთვის, იმიტომ რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი.მოგმართავთ თქვენ, პოლიციელებო და რობოკოპებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასრულებთ დავალებებს ზემდგომების მხრიდან, ზემდგომები დაისჯებიან, მაგრამ დაისჯებით თქვენც! მოხდება თითოეული თქვენგანის იდენტიფიცირება იმ უკანონო დავალებების შესრულებისთვის და აუცილებლად, თითოეული თქვენგანი აგებთ პასუხს! მოქალაქეებს მოგმართავთ, 10 ათასობით ახალგაზრდა თუ იდგა მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის გარშემო, ახლა თქვენ უნდა მოხვიდეთ აქ და გააგრძელოთ ეს საქმე ჩვენთან ერთად. არსად მივდივართ, მაგრამ გელოდებით თქვენ, ჩვენი მომავლისთვის ბრძოლის პროცესში, სადაც ერთიანობა იქნება გადამწყვეტი.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, სახალხო დამცველი არის "ოცნების" მაშველი რგოლი, რომელიც ყოველთვის დაგვიანებით შუაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მაშინ, როცა 100 რობოკოპი ერთ ადამიანს ურტყამს, ფიზიკურად უსწორდება, ფეხებით თელავენ წაქცეულ ადამიანს, საუბრობს ორმხრივ პასუხისმგებლობაზე
მსგავსი სახალხო დამცველი ამ ქვეყანას არცერთი ხელისუფლების დროს ჰყოლია. ეს ბოლო პერიოდი, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი არ არის სახალხო დამცველი, ის არის ხელისუფლების დამცველი და ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი. ყველა რობოკოპი, პოლიციელი, მაღალი თანამდებობის პირი თუ ე.წ სახალხო დამცველი, აგებს პასუხს, ზოგი სამართლებრივად, ზოგი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს.
ჩვენი სახელმწიფოს უბედურება იყო ის, რომ ყოველთვის, როცა ამ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ფიქრობდნენ იმაზე რომ არ მოეთხოვებოდათ პასუხი წარსულისთვის. ასე აღარ უნდა მოხდეს! ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის პასუხი, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.