საზღვაო აკადემიასთან ხმაურია - სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაწილი აუდიტორებში ჩაკეტა
ამ წუთებში ბათუმში, საზღვაო აკადემიასთან ხმაურია - სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაწილი აუდიტორებში ჩაკეტა და გაფიცვის უფლებას არ აძლევს.
დირექტორატის ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდების პროტესტი მოყვა. საზღვაო აკადემიასთან დგანან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც საკუთარ პოზიციას ხმამაღლა აჟღერებენ.
"გავა დრო და მტრის სიტყვებზე მეტად, მეგობრის დუმილი გაგვახსენდება" - ამბობს შვილების თაობა და ივანიშვილის გუნდს რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.
ჩვენ, სტუდენტები შევუერთდით საერთო პროტესტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი არჩევანი, რომელიც არის ევროპა. არ გვინდა რუსული, არ გვინდა რუსული ჩექმა, არ გვინდა რუსული რეჟიმი. გვინდა ევროპა, კარგი მომავალი ჩვენი საქართველოსთვის და ჩვენთვის. მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებს გვერდში დაგვიდგნენ და გააკეთონ სწორი არჩევანი. მოვიხმობ მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებს - "გავა დრო და მტრის სიტყვებზე მეტად, მეგობრის დუმილი გაგვახსენდება". - ამბობს სტუდენტი.
ცნობისთვის, სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ - ახალგაზრდებს პროფესორ-მასწავლებლებიც უერთდებიან.
"გამოდი" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც უნივერსიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მისულები.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის დერეფანში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს და ახლა უნივერსიტეტის რექტორ მერაბ ხალვაშთან შეხვედრას ითხოვენ.
მანამდე კი საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. შვილების თაობა მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიემართებოდა, სადაც გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდებოდნენ.