ბათუმში, პროფესორ-მასწავლებლები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან
ბათუმში, პროფესორ-მასწავლებლები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან - ლექტორები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად გამოდიან.
ასოცირებული პროფესორები საკუთარ კოლეგებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ დროა, მთელი საქართველო ერთი იდეის გარშემო გაერთიანდეს.
მე ვერაფრით ვერ მოვუწოდებ სტუდენტებს გაფიცვისკენ, მაგრამ როდესაც ისინი აქ არიან, მეც მათთან ერთად ვარ. ახლა, ამ წუთას ლექცია არ მაქვს, მაგრამ მაინც მოვედი", - ამბობს ლექტორი.
მიუხედავად პროფესორ-მასწავლებლების გაფიცვისა, ლექტორების ნაწილი სტუდენტების საპროტესტო ტალღას არ უერთდება და განვითარებული პროცესები არაეთიკურად მიაჩნიათ.
"მე როგორც მასწავლებელი პროპაგანდას ვერ გავწევ" - ამბობს საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი და იქვე დასძენს, რომ საკუთარი სამოქალაქო პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება არ სურს.
მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ვასწავლი სტუდენტებს ინგლისურ ენას. მე როგორც მასწავლებელი პროპაგანდას ვერ გავწევ ვერც ამ კუთხით და ვერც იმ კუთხით. ეს ყველა ვარიანტში ჩაითვლება სტუდენტის შეხედულებაზე ზეწოლად. მე რომ გავიდე აქციაზე, როდესაც სტუდენტი აქ ზის, ეს ჩაითვლება ჩემი მოვალეობის დარღვევად. მე არცერთ კანონს არ ვიზიარებ, რომელიც ჩემს ქვეყანას ზიანს აყენებს", - ამბობს პროფესორ-მასწავლებელი.
ამ წუთებში ბათუმში, საზღვაო აკადემიასთან ხმაურია - სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაწილი აუდიტორებში ჩაკეტა და გაფიცვის უფლებას არ აძლევს.
დირექტორატის ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდების პროტესტი მოყვა. საზღვაო აკადემიასთან დგანან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც საკუთარ პოზიციას ხმამაღლა აჟღერებენ.
"გავა დრო და მტრის სიტყვებზე მეტად, მეგობრის დუმილი გაგვახსენდება" - ამბობს შვილების თაობა და ივანიშვილის გუნდს რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.