ბათუმის ოთხ უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური პროცესი პარალიზებულია - სტუდენტები დაშინებასა და ტერორზე საჯაროდ ალაპარაკდნენ

13.05.24 13:27
ბათუმის ოთხ უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური პროცესი პარალიზებულია - სტუდენტები დაშინებასა და ტერორზე საჯაროდ ალაპარაკდნენ

ბათუმის ოთხ უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური პროცესი პარალიზებულია - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები ცოტახნის წინ დაშინებასა და ტერორზე საჯაროდ ალაპარაკდნენ.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე პირები შვილების თაობის ხმის ჩახშობას სხვადასხვაგვარი მეთოდებით ცდილობენ. ახალგაზრდები "პირველებთან" ამბობენ, რომ მათ სტუდენტის სტატუსის შეჩერებითა და გამოცდებზე ქულების არ დაწერით ემუქრებიან.

მიუხედავად გაჟღერებული მუქარებისა, შვილების თაობა პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადის და მკაფიოდ აცხადებს, რომ ბრძოლა ქართველი ერის გამარჯვებამდე გაგრძელდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტები ჰყავდნენ დაშინებული. ემუქრებოდნენ სტატუსის შეჩერებით. ეუბნებოდნენ, რომ გამოცდებზე არ დაგიწერთ ქულებსო. ამან ძალიან გაგვაღიზიანა და გადავწყვიტეთ, გამოვსულიყავით და გამოგვეხატა ჩვენი სათქმელი. ჩვენი, მეზღვაურების გემი არის ევროპისკენ დაძრული და ჩვენ ვგმობთ რუსულ კანონს. არა რუსეთს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს გრიგოლ რობაქიძისა და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან. ახალგაზრდები ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან იმყოფებიან და რუსულ კანონს ერთად ეუბნებიან უარს.