მოგიწოდებთ, შეწყდეს ისეთი მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეჩერებისკენ - კონსერვატორიის ადმინისტრაცია
კონსერვატორიის ადმინისტრაცია გაფიცული სტუდენტების წინააღმდეგ - "პირველების" ხელშია წერილი, რომლითაც კონსერვატორიის ადმინისტრაცია ახალგაზრდებსა და შვილების თაობის მხარდამჭერ პედაგოგებს სასწავლო პროცესის შეწყვეტისკენ მიმართული მოწოდებების აღკვეთას მოითხოვს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციამ ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წერილი ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა.
"მოგიწოდებთ ყველას, შეწყდეს ისეთი მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეჩერებისკენ" - ვკითხულობთ წერილში.
მოგესალმებით, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო და სტუდენტებო,
კონსერვატორიის ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებს თვალს შიდა საერთო ელექტრონულ ფოსტაზე უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ მოწოდებებს მანიფესტებისა თუ გაფიცვების შესახებ.
კონსერვატორიის ადმინისტრაცია ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ყველა ადამიანის განსხვავებული აზრი უნდა იყოს დაცული.
ზემოხსენებულ მიმოწერებში, რამდენიმე სტუდენტისა და პედაგოგის მხრიდან პერმანენტულ რეჟიმში
ხორციელდება აქტიური მოწოდებები სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. ამავე მიმოწერებიდან ნათლად
ჩანს, რომ მიმართვებში გაჟღერებულ მოწოდებებს ადრესატების ნაწილი ეთანხმება და იზიარებს, ნაწილი არ
იზიარებს, ნაწილი კი არ აფიქსირებს წერილობით მოსაზრებას.ადმინისტრაცია მოგიწოდებთ ყველას, შეწყდეს ისეთი მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეწყვეტის/შეჩერებისკენ, რათა იმ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, მიეცეთ თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულების საშუალება თავისუფლად და დამოუკიდებლად.
პატივისცემით, ადმინისტრაცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.