თბილისში ფართომასშტაბური მსვლელობა დაიწყო - ახალგაზრდებმა გეზი სხვადასხვა ლოკაციიდან აიღეს
თბილისში ფართომასშტაბური მსვლელობა დაიწყო - ახალგაზრდებმა გეზი სხვადასხვა ლოკაციიდან აიღეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიძრნენ და ამ წუთებში მარშით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან. შვილების თაობამ გზაში საქართველოს ჰიმნი იმღერა და შეძახილებით კიდევ ერთხელ უთხრა ივანიშვილის გუნდის ინიციატივას არა.
ამის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, შშმ პირები და რიგითი მოქალაქეები რუსთაველის მეტროსთან იმყოფებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიდიან.
ახალგაზრდები "პირველებთან" ამბობენ, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს ბევრი შესაძლებლობა დაეკარგებათ.
ეს კანონი იქნება ჩვენთვის შესაძლებლობების წართმევა - სტუდენტებს გვინდა ევროპული მომავალი და არა რუსეთში ცხოვრება და გაღვიძება. გვინდა გაცვლითი პროგრამებით ევროპაში წასვლა და არა პეტერბურგსა და მოსკოვში,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.