გინახავთ ოდესმე ახალგაზრდების გულწრფელი, სიყვარულით სავსე გაფიცვა?! - გიორგი კონდახაშვილი სტუდენტების მარშს შეუერთდა
სტუდენტების აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი კონდახაშვილი უერთდება - ასოცირებულმა პროფესორმა აუდიტორია ახალგაზრდებთან ერთად დატოვა და შვილების თაობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
გიორგი კონდახაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტი დგას, ამიტომ საჭიროა თითოეული ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გაჟღერება.
"გინახავთ ოდესმე ახალგაზრდების გულწრფელი, სიყვარულით სავსე გაფიცვა?!" - აცხადებს ლექტორი და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა სტუდენტს სოლიდარობას უცხადებს.
ძალიან მაგარი მუხტია. გადამწყვეტი მომენტი დგას. გინახავთ ოდესმე სტუდენტების, ახალგაზრდების გულწრფელი, სიყვარულით სავსე გაფიცვა. ჩვენ ვუდგავართ გვერდში თავმოყვარე, თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებს, ახალგაზრდობას. თითქმის ყველა უნივერსიტეტი გამოხატავს საკუთარ პოზიციას და სტუდენტები იმ ათი ათასობით მოქალაქეს უერთდებიან, რომლებიც აპროტესტებენ ჩვენი ქვეყნის რუსეთისკენ შემობრუნების მცდელობას. არა რუსულ კანონს", - ამბობს კონდახაშვილი.
გიორგი კონდახაშვილი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების 12-13 მაისს გამართულ პროტესტსაც ეხმაურება და ძალოვანი უწყების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას "კანონის მიღმა გასულ ქმედებებს" უწოდებს.
აბსოლუტურად კანონსმიღმა არის გასული ის ქმედებები, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს აზრი. არ ხდებოდა პარლამენტის პიკეტირება და არავითარი ძალისმიერი აქტი არ იყო. უბრალოდ იმისთვის, რომ რამდენიმე დეპუტატი კომფორტულად შესულიყო პარლამენტში სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება დასჭირდათ, რომლებმაც ახალგაზრდებზე იძალადეს. ათეულობით ადამიანი დააკავეს. ეს არის წარმოუდგენელი. რად უღირს რომელიმე პარლამენტის წევრს, რომ ყველა მისი სამსახურში მისვლა და გამოსვლა დაკავშირებულია ათასობით პოლიციელის მობილიზებასთან. ეს ხომ სამარცხვინოა, ამიტომაც არა რუსულ კანონს", - ამბობს გიორგი კონდახაშვილი.