სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მყოფ დემონსტრანტებს – თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები

14.05.24 11:55
სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მყოფ დემონსტრანტებს – თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან.

"შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ.

სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამართალდამცველების მიერ ქალების, ახალგაზრდების და მოხუცების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მოვითხოვთ უსამართლოდ, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების ციხიდან განთავისუფლებას. ჩვენი შეკრება დაორგანიზებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ, სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე.

არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს!" - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.