უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თუ დავიხევთ, ყველას გვცემენ - შსს-სთან ჟურნალისტების აქცია დასრულდა

15.07.21 17:26
უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თუ დავიხევთ, ყველას გვცემენ - შსს-სთან ჟურნალისტების აქცია დასრულდა

დაისაჯონ მოძალადეები - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლების აქცია დასრულდა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობას არ დატოვებს და მოძალადეებს არ დააკავებენ. 

უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე და პასუხი აგოს საქართველოს მთავრობამ. პირველ ეტაპზე პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე, ირაკლი ღარიბაშვილი, გადადგეს თანამდებობიდან და გადადგეს მთელი მთავრობა. მათ შორის, ამ უწყების ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური - ამბობს "ფორმულას" ჟურნალისტი, ვახო სანაია. 

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით კი, თუ ახლა დაიხევს მედია უკან, ხვალ თითოეულ ჩვენგანს გაუსწორდებიან: 

ან ამათ დააკავენენ და ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება, ან ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. უკან დავიხევით და თქვენ, მე, თქვენს ოპერატორს ყველას გვეცემენ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

"ტვ პირველის" თანამშრომელი, ჟურნალისტი ანუნა ახალაია, პირობას დებს, რომ მთავრობას ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან: 

დღეს მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ხვალ ალბათ, ისევ მივალთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, მივალთ პარლამენთთან, ყველგან მივალთ, სადაც ხელისუფლებას შევუქმნით დისკომფორტს- თქვა მან. 

ფართომასშტაბიანი აქცია პარლამენტის წინ 17 ივლისს გაიმართება. 

მედია ქუჩაში მას შემდეგ გავიდა, რაც პუტინისტური, მოძალადე ძალების მიერ 5 ივლისს სასტიკად ნაცემი, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, გარდაიცვალა. 

ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობის შედეგად სულ 53 რეპორტიორი დაშავდა. 

მედია და საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, ჟურნალისტები პერმანენტულ აქციებს მართავენ.