კატეგორიულად ვგმობთ პარლამენტში უცხოური გავლენის კანონმდებლობის დამტკიცებას - პაუერი
საქართველოში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მთავარი ობიექტია - ამჯერად განცხადებას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი აკეთებს.
პაუერის თქმით, USAID შეშფოთებას გამოთქვამს რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით და კატეგორიულად გმობს მიმდინარე პროცესებს.
"კანონი გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას" - აცხადებს პაუერი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილის გუნდის ინიციატივა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის.
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დღევანდელ კენჭისყრას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ასეთი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ასრულებენ კრიტიკულ სამუშაოს ადგილზე დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.
როგორც ევროკავშირმა ცხადყო, ამ კანონს აქვს პოტენციალი შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები - ის, რასაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას - პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც USAID-მა თითქმის 2 მილიარდი დოლარის დახმარება გასწია საქართველოსთვის, რომელიც დამყარებულია ორმხრივ ინტერესზე და დემოკრატიის საერთო ერთგულებაზე", - წერია განცხადებაში.