დაკავებულების დიდი ნაწილი სასტიკად ნაცემია - ადვოკატები

15.05.24 12:31
დაკავებულების დიდი ნაწილი სასტიკად ნაცემია - ადვოკატები

გუშინდელი დაკავებების სერიის შემდეგ იზოლატორები გადავსებულია. ადვოკატები, რომლებმაც მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულეს, ამბობენ, რომ მათი დიდი ნაწილი სასტიკად არის ნაცემი. 

ინტერესების დამცველი ეკა ქობესაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე გახორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს საჭირო.

ვინც ჩვენ მოვინახულეთ, იქიდან მეტი წილი დაკავებულების არის ნაცემი, აქვთ დაზიანებები. დაკავებულები აცხადებენ, რომ მათზე ფიზიკური ძალადობა მოხდა დაკავების პერიოდში სპეცრაზმის მიერ, მათ შორის არის ერთ-ერთი ლაზარე, რომელიც დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. დაკავების პერიოდში ლაზარეზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, მას აქვს დაზიანებები, დაზიანება აქვს სახის არეში, არაერთი დაზიანება თავის არეში, ჰქონდა გუშინ თავის ტკივილები, იმიტომ, რომ გამეტებით ხელები და ფეხები უტყეს თავში წაქცეულს და სხეულის სხვა და სხვა არეშიც აქვს დაზიანება. ჩვენ ვნახავთ დღეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თუკი საჭირო გახდა, მოვითხოვთ აუცილებლად, რომ გადაყვანილი იყოს ლაზარეც სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში, - ამბობს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.

დაკავებულ მომიტინგეებზე გახორციელებულ ძალადობას „წამებად“ აფასებს კიდევ ერთი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. უფლებადამცველი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. 

24 ადამიანამდეა დაკავებული. მე რომელი ადამიანებიც მოვინახულე, ეს ადამიანები დააკავეს გმირთა მოედანზე. პარლამენტის წინ დაკავებულებზე მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ისევ გადაამეტა შსს-მ ძალა, ეს უტოლდება წამებას. თვითნებურად არ ჰქონდათ გადაკეტილი, რადგან იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ეს გზა თავისთავად გადაიკეტა და ამ დროს დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ტყემალაძე ამბობს, რომ ეს ადამიანი დააკავეს მაშინ, როდესაც იკითხა, რომ რატომ დააკავეთ ჩემი მეგობარიო, ამ დროს უკნიდან მიაწვა პოლიციელი, „შენ ვინ ხარ, რომ კითხულობო“ და ამის შემდეგ ჩასვეს პოლიციის მანქანაში და  დააკავეს, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.