რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი მთელ ქვეყანაში გრძელდება - სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსთან იკრიბებიან
მწვავე საერთაშორისო კრიტიკის პარალელურად "ქართული ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი მთელ ქვეყანაში გრძელდება - ქუჩაში გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ "ოცნებამ" გუშინ ღალატის აქტი გააფორმა, ამიტომ უკან დახევას არ აპირებენ.
ივანიშვილის გუნდმა ახალგაზრდები ვერც დაკავებებით და ვერც დარბევების სერიით შეაშინა. ისინი ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში იკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან, სადაც გუშინ მმართველმა პარტიამ დიდი პროტესტის მიუხედავად, რუსული კანონი გააფორმა.
აქ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ და ვფიქრობთ, რომ რამდენიმე შემოგვიერთდება კიდევ სანამ უშუალოდ დავიძვრებით. ჩვენ არაერთხელ ვუთხარით რუსულ კანონს უარი. გამომდინარე გუშინდელი მოვლენებიდან, ჩვენ არ ვაპირებთ სახლში დაჯდომას და იმის ლოდინს, თუ როდის გავხდებით რუსეთი. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ჩვენი შემართებით ვაჩვენოთ, რომ უკან დამხევები არ ვართ რამდენი ღამის გათენებაც არ უნდა მოგვიწიოს. ჩვენთან ერთად ჩვენი მშობლები და ოჯახის წევრები არიან. ისტორიულად არაერთხელ დამტკიცდა, რომ ახალგაზრდობა ძირითადად ყოველთვის სწორ გზაზე დგას. ჩვენი მომავლისთვის ვდგავართ აქ. ჩვენ გვინდა ევროპა და აუცილებლად მივაღწევთ ამას", - ამბობს სტუდენტი.