გიორგი ოკმელაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი დიღმის მთავარ სამმართველოში ჰყავთ მოთავსებული
გიორგი ოკმელაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი დიღმის მთავარ სამმართველოში ჰყავთ მოთავსებული.
გამომძიებლები, სავარაუდოდ, დაკავებულთან 12 საათზე შევლენ და ბრალის ოფიციალურ დადგენილებას გააცნობენ.
საგამოძიებო მოქმედებები ქსნის და ჭონქაძის ქუჩებზე გვიან ღამემდე გრძელდებოდა. სამართალდამცველებმა კომპანია "ლიმონის" შენობიდან კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები, ხოლო ოკმელაშვილის სახლიდან მისი კუთვნილი ტანისამოსი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკა ამოიღეს.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები "ლიმონის" ოფისში მიმდინარეობდა, გამომძიებლებმა ადგილზე უფლებადამცველი მოგვიანებით შეუშვეს და ჩხრეკის პროცედურაში დასწრების უფლება მისცეს.
თუ რისთვის სჭირდება ძალოვან უწყებას ნივთმტკიცების სახით დაკავებულის პირადი ნივთები, გიორგი ოკმელაშვილის უფლებადამცველებისთვის უცნობია.
ადვოკატები "პირველებთან" აცხადებენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან რაიმე საგანი ვერ აღმოაჩინეს.
კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან რამე საგანი აღმოჩენილი არ იქნა, მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერული მეხსიერებების ჩამწერები იქნა ამოღებული, რომელიც, როგორც მისი თანამშრომელი განმარტავს, არის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული. სახლის ჩხრეკას ესწრებოდა ჩვენი თანამშრომელი, იქიდანაც რამდენიმე ნივთია ამოღებული. დადგენილებაში როგორც გავეცანი, გამოძიება დაწყებული იყო სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ასევე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით, თუმცა ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომელი მუხლით მოხდება ბრალის წარდგენა, - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, ვიდეო წარმოების კომპანია "ლიმონში" კრიმინალური პოლიცია გუშინ, 15 მაისს შევიდა.