2020-21 წლებში ღარიბაშვილთან დაახლოებულ კომპანიას ბიუჯეტიდან 120 მილიონის კონტრაქტი გაუფორმეს- GMC

16.07.21 14:11
2020-21 წლებში ღარიბაშვილთან დაახლოებულ კომპანიას ბიუჯეტიდან 120 მილიონის კონტრაქტი გაუფორმეს- GMC

2020-21 წლებში პრემიერ ღარიბაშვილთან დაახლოებულ კომპანიას საქართველოს ბიუჯეტიდან 120 მილიონის კონტრაქტი გაუფორმეს - ამის შესახებ ,,ფლანგვის დეტექტორის" კვლევაშია საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2000 წელს დაარსებული კომპანია ,,სერპანტინმა", რომლის მესაკუთრე ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის, დედა, თამარ ჯანყარაშვილია, 2011 წლიდან დღემდე 113 მილიონის ტენდერი მოიგო, ხოლო პირდაპირი შესყიდვის წესით, 6 მილიონი. აღსანიშნავია, რომ თამარ ჯანყარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავია.

შპს ,,სერპანტინის" მესაკუთრე ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა, თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც ამავდროულად ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავია. კომპანია 2000 წელს დაარსდა, თუმცა ტენდერებში 2011 წლიდან დაიწყო მონაწილეობა და მომდევნო 10 წელში 113 მილიონი ლარის ტენდერი მიიღო, ხოლო 6 მილიონზე მეტი – პირდაპირი შესყიდვით.
165 ტენდერიდან კომპანიამ 74 უკონკურენტოდ მოიგო, 16 კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. 

 თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? პატიოსნად მიღებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, თუ “ქართულ-ჯიგრულ პონტში”? - აღნიშნულია ,,ფლანგვის დეტექტორის" კვლევაში.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, შპს ,,სერპანტინს" თავდაპირველად სამი მესაკუთრე ჰყავდა: ვახტანგ ჩიკვაიძე, ნიკოლოზ კობეშავიძე და ვლადიმერ ჩიკვაიძე. წლების განმავლობაში, კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იცვლებოდნენ მესაკუთრეებიც. საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრეებს შორის ჩნდება თამარ ჯანყარაშვილი, რომელიც დღემდე მესაკუთრეთა რიგებში რჩება. საჯარო რეესტრის ბოლო, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, შპს სერპანტინის წილები ორ მესაკუთრეს შორის ნაწილდება, 69%-იანი წილის მესაკუთრე თამარ ჯანყარაშვილია, ხოლო 31% ნუგზარ ხუცაიძეს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ამჟამად ზურაბ ფეიქრიშვილი იკავებს.

კვლევის მიხედვით, შპს სერპანტინის ერთ-ერთი მეწილე თამარ ჯანყარაშვილი,ირაკლის ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაც არის. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის 31%-იანი წილის მესაკუთრე, ნუგზარ ხუცაიძე, მმართველი პარტიის შემომწირველია, მან 2016 წელს ,,ქართულ ოცნებას" 50 000 ლარი შეწირა.