კახი კალაძე ცუდი მენეჯერია და ფულის მოპარვა უყვარს - ლევან ხაბეიშვილი

16.03.21 15:54
კახი კალაძე ცუდი მენეჯერია და ფულის მოპარვა უყვარს - ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  თბილისის მერიას ბიუჯეტის თანხის  არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.  ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის კვლევაში მერიამ  ჯერ ფული დახარჯა, თუმცა შემდეგ  მის განხორციელებაზე უარი თქვა.

ხალხს მოუყვა, რომ სამგორის მეტროდან 3-4 გაჩერება იქნებოდა და  მეტრო ლილომდე მოვიდოდა, ვიდეორგოლიც გააკეთეს, რომელშიც ათი ათასობით ლარი დახარჯეს, კალაძის ლაიკ ფეიჯზე ატვირთული პრანჭიაობა პრანჭიაობად დარჩა. ის  12 მილიონი შესაძლოა, უკეთესად დაგვეხარჯა, რადგან ხალხს უჭირს. პრობლემა არის იმაში, რომ  კალაძე ცუდი მენეჯერია და ფულის მოპარვა უყვარს - ამბობს ლევან ხაბეიშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი.

ოპოზიციის ბრალდებას მერიიდან გამოეხმაურნენ. კახი კალაძის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ მერიამ გარკვეული თანხა კვლევაში დახარჯა, მაგრამ არა 12 მილიონი, რაზეც  ოპონენტები აპელირებენ.

ოპონენტებს ვურჩევ, კარგად გაერკვნენ და ისე გააკეთონ კომენტარი. 12 მილიონი კვლევაში არ დაგვიხარჯავს, ეს თანხა დაიხარჯებოდა, თუ პროექტს განვახორციელებდით, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც გარკვეული თანხა დაჯდა, კვლევის ჩატარებამდე ვერ გავარკვევდით, ღირდა თუ არა ამ პროექტის განხორციელება. - ამბობს ირაკლი ხმალაძე, თბილისის მერის მოადგილე.

თბილისის მერია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს ლილოს მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე.