ავტომობილის მფლობელებმა ძველი ნომრები 31 მარტამდე უნდა შეცვალონ

16.03.21 16:24
ავტომობილის მფლობელებმა ძველი ნომრები 31 მარტამდე უნდა შეცვალონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს ახსენებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება. 
 უწყება ავტომობილის მფლობელებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს სანომრე ნიშნის შესაცვლელად.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი - აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
 

 

გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია, დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი. დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით.