მოვუწოდებთ ღარიბაშვილს მედიის დისკრედიტაცია შეწყვიტოს - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

17.07.21 19:44
მოვუწოდებთ ღარიბაშვილს მედიის დისკრედიტაცია შეწყვიტოს - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს მედიის დისკრედიტაცია შეწყვიტოს. საქმე ეხება დღეს მომხდარ ფაქტს, პრემიერმინისტრმა ​ კრიტიკული მედიები ღონისძიებაზე არ დაუშვა.

განცხადების თანახმად,რომელსაც ხელს მედიის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები აწერენ,  ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 

კოალიცია ასევე ეხმაურება ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებულ მუქარას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას ძალადობრივ ჯგუფის წევრები ალტ-ინფოს Facebook-არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2021 წლის 5 - 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 ზე მეტი მედიის 53 წარმომადგენელი. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა.

კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის უფლებას განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან, პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს დამატებით ძალადობას, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ მინისტრს მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სატელევიზიო ქსელი
მედიის განვითარების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიის უფლებები
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
სამართლიანი არჩევნები

მსგავსი სიახლეები