შავი ლაქები ლექსოს გარდაცვალების საქმეში - ტვ პირველის ჟურნალისტური გამოძიება

17.07.21 20:29
შავი ლაქები ლექსოს გარდაცვალების საქმეში - ტვ პირველის ჟურნალისტური გამოძიება

შსს-ს ერთ ერთი მთავარი შეცდომა - შსს-მ ლექსო ლაშქარავას საქმეზე  11 ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა არცერთ მათგანს თარიღი არ ჰქონია. ჩნდება კითხვა, ნამდვილად 10 ივლისით თარიღდება თუ არა კადრები, რომელიც გომელაურის უწყებამ საზოგადოებას მეორე დღესვე შესთავაზა. იმისთვის რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ მათ მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული ვერსიის სიმართლეში, შსს-მ სავარაუდო სიყალბეები ჩაიდინა.

04:30 საათზე ლექსო ლაშქარავას დედამ შვილი საწოლში გარდაცვლილი იპოვა, რის შემდეგაც 112-ში ზარი აგნხორციელდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე მისულ 2 პოლიციელს არ დაუწყიათ. გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ზემდგომების მითითებებს ელოდნენ. პირველი საგამოძიებო მოქმედება 09:15 წუთზე დაიწყო, 112-ში პირველი ზარის განხორციელებიდან 3 საათში დაიწყო.

ცხედრის გატაცების სპეცოპერაციის დამგეგმავმა, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ,  ვარლამ მალანიამ  ლაშქარავას სახლიდან ტვ პირველის თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ლექსო ლაშქარავას დედის თქმით, ადგილზე მყოფი პოლიციელები მას შვილის გარდაცვალების ვერსიებს აცნობდნენ და ერთ-ერთ ვარიანტად მოწამვლის ვერსია უთხრეს.  ლაშქარავას დედა იხსენებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი დედის დარწმუნებას მოწამვლის ვერსიაში ცდილობდა.

ლაშქარავას ცხედარი ექპსერტიზაზე 11 ივლისს 11 საათზე გადასვენეს. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ბიუროში 3 საათამდე არ შეუშვეს. ოჯახის ადვოკატს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ამ დროის მანძილზე ცხედარზე რაიმე სახის მანიპულაცია ჩატარებულიყო.

მეორე დღესვე შსს-მ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას შესთავაზა ლექსოს გადაადგილების კადრები, სადაც დროები მონტაჟის საშუალებით არის დაწერილი. არცერთ ვიდეოს არ აქვს თარიღი. ერთ-ერთი ვიდეოკადრების მფლობელი ლექსოს მეზობელი კერძო პირია, რომელიც ადასტურებს, რომ მისი კამერა თარიღს და დროს აფიქსირებს.  ჩნდება კითხვა, რა ინტერესი ჰქონდა შსს-ს, კადრები ისე მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ მისი რეალური დრო წაშლილი ყოფილიყო.

ლექსო ლაშქარავას დედა თინათინ კახიძე ამბობს, რომ მის შვილს 10 ივლისს სხვა ტანსაცმელი ეცვა.

შსს-ს ვერსიას ეწინააღმდეგება ის ფაქტიც, რომ აფთიაქში, რომელშიც თითქოს ლექსო ლაშქარავამ ფსიქოტროპული საშუალებები იყიდა, სინამდვილეში მსგავსი მედიკამენტები არ იყიდება.