მასშტაბური სპეცოპერაცია წყალმომარაგების კომპანიაში - "ტვ პირველმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა

19.07.21 19:01
მასშტაბური სპეცოპერაცია წყალმომარაგების კომპანიაში - "ტვ პირველმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი წყალმომარაგების კომპანიაში - "ტვ პირველმა" ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სამი პირის ვინაობა დაადგინა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანმშრომლებმა ხელბორკილები საკუთარ კაბინეტში დაადეს 40 წლის ირაკლი სირაძეს, 61 წლის ალექსანდრე პატეიშვილსა და 62 წლის მიხეილ ჭაბაშვილს. 

საქმის მასალების თანახმად, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის - "მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის" უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.

გაშიფრული სქემის მიხედვით, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას. 

ამასთან, სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს.

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების უკანონო ქმედებით წახალისებული კომპანიები უმეტეს შემთხვევაში უხარისხოდ ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხები.

დაკავებული პირების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დოლარი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით  ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა  და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას  გულისხმობს.