ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა

16.03.21 17:27
ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა

ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა. ,,ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა და გამომძიებელმა ჟურნალისტმა ჩვენება  მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.

გამოძიებას აინტერესებდა, სად გავეცანი მამალაძის ინტერვიუს, მე ხომ არ მქონდა კომუნიკაცია ან ლევან მამალაძესთან და ან მის მიერ დასახელებულ პირებთან, რომლებიც მკვლელობას გეგმავდნენ.  გამოძიებას ვუთხარი, რომ მუქარა იყო შაბათის ბოლო საგამოძიებო რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ. მუქარის ავტორი კი იყო ბერა ივანიშვილის დაცვის წევრი. გამოძიება ცდილობდა,  აერიდებინათ ჩემი ნათქვამი, რადგან ეს ინფორმაცია მათ ინტერესებში არ შედიოდა და მითხრეს, რომ აღნიშნულ თემაზე მოკვლევა მიმდინარეობს - განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ნოდარ მელაძემ.

გამოკითხვაზე კვლავ იყო საუბარი სახელმწიფო დაცვის გამოყოფის თემაზე, რაზეც ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ უარი განაცხადეს. ჟურნალისტების შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება შსს-მ  მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვ პირველის ეთერში სკანდალური აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა. რეპორტაჟის გასვლის მეორე დღეს ქვემო ქართლის ყოფილმა გამგებელმა, ლევან მამალაძემ, რომელიც რუსეთში იმყოფება, ტვ იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავდა, რათა საქართველოში რევოლუციური მუხტი აეწია. დაკითხვების სერიის გარდა სკანდალურ აუდიოჩანაწერს ჟურნალისტების მიმართ მკვლელობის, მათი ოჯახის წევრების მიმართ კი წამების მუქარაც მოჰყვა.