შემოვედი პოლიტიკაში და დამიდგინდა მძიმე დაავადება - ლევან ვასაძე არ გამორიცხავს, რომ მოწამლეს (ვიდეო)

20.07.21 10:02
შემოვედი პოლიტიკაში და დამიდგინდა მძიმე დაავადება - ლევან ვასაძე არ გამორიცხავს, რომ მოწამლეს (ვიდეო)

მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, ამბობს, რომ მას ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს ემართება. ამის შესახებ ვასაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს. "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი მიმართვაში რამდენჯერმე უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო, ხოლო პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ იშვიათი დაავადება დაუდგინდა. ვასაძე არ გამორიცხავს, რომ ის "სამხედრო, ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგიებით" მოწამლეს.

დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. ვიტყვი, რომ ეგ დაავადება ემართება სხვადასხვა ორგანოზე, მე მაქვს მხოლოდ გულზე. 

6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და თვენახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც თუ სწორად მესმის, ამ სახით, ანუ მარტო გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო, ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ, დასხივების, ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ და ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს. ექიმები ვერც მიდასტურებენ და სხვათაშორის ვერც უარყოფენ, რომ ეს შეიძლება, იყოს გარეზემოქმედების შედეგი. არ მინდა, ამით ვისპეკულირე, უბრალოდ მინდა, გავუსვა ხაზი ამ უცნაურ  დამთხვევას, რომ 50 წელი ჯანმრთელად ვიცხოვრე, შემოვედი პოლიტიკაში და ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და მძიმე დაავადება დამიდგინდა. 

 ძალიან მაინტერესებს, საიდან იცოდნენ, ან როგორ გაიგო სამმა ულტრალიბერასტულმა ტელევიზიამ – ფორმულამ, მთავარმა არხმა და ტვ პირველმა ამის შესახებ და რატომ სამივემ გაუსვა ხაზი, რომ მე ვარ მოწამლული, რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ", - ამბობს ვასაძე.