ნადირობა ცქიტიშვილის კადრებზე - ქრთამის საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

20.07.21 11:04
ნადირობა ცქიტიშვილის კადრებზე - ქრთამის საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

სუს-ში დიდ კორუფციულ სკანდალზე დაკითხვების სერია დილიდან განახლდა. საქმე ეხება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკავებულ თანამშრომლებს. მივა თუ არა კვალი მაია ცქიტიშვილის დანიშნულ გრიგოლ მანდარიამდე, რომელიც  წყალმომარაგების კომპანიის დირექტორობიდან 2 თვის წინ გადადგა.  კორუფციული სკანდალიც მანდარიას მმართველების პერიოდს ეხება. გუშინ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაკავებული თანამშრომლის,  ირაკლი სირაძის, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რეგიონებში წყალმომარაგების ქსელის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერებიდან ხალხის ფულის 2% ბიზნესს ჩინოვნიკებთან მიჰქონდა. მიდიოდა თუ არა ფული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო კომპანიის დირექტორთან.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები წყალმომარაგების კომპანიაში შევიდნენ. ხელბორკილები საკუთარ კაბინეტში დაადეს  ირაკლი სირაძეს,  ალექსანდრე პატეიშვილსა და  მიხეილ ჭაბაშვილს. 

დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ გამოძიება 338-ე და 339-ე მუხლებს ედავება, რაც  წინასწარი შეთანხმებით  ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა  და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას  გულისხმობს.

 

 

მსგავსი სიახლეები