5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტები შსს-მ დაზარალებულად მხოლოდ დღეს სცნო

20.07.21 13:34
5 ივლისს  დაშავებული ჟურნალისტები შსს-მ დაზარალებულად მხოლოდ დღეს სცნო

 პოლიციას ნაცემი ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა დაავიწყდა. 5 ივლისის მოვლენებიდან მხოლოდ 2 კვირის თავზე დაურეკეს საგამოძიებო ორგანოდან ჟურნალისტებს და უთხრეს, რომ მათთან დაკავშირება აქამდე ვერ შეძლეს. ახლა გამომძიებლები ჟურნალისტებს დიღმის სამმართველოში ერთი მეორის მიყოლებით იბარებენ და დაზარებულის სტატუსს ანიჭებენ.  

ტვ პირველის ჟურნალისტი, გუგა მაისურაძე, იხსენებს, რომ 5 ივლისიდან მოყოლებული, აქტიურად საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნიათობაზე.

5 ივლისის შემდეგ მხოლოდ გუშინ დამირეკეს შსს-დან და მითხრეს, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი, პირველი შეკითხვა, რაც მქონდა, იყო ის, რომ ახლა გადაწყვიტეთ. პასუხი იყო, რომ 6 რიცხვის მერე ხარ დაზარალებულად ცნობილი, მაგრამ აქამდე ვერ დაგიკავშირდით. არ ვიცი, რატომ ვერ დამიკავშირდნენ, მაგრამ მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ  მცნეს დაზარალებულად. საქმე ეხება 9 აპრილის სკვერთან მომხდარ ფაქტს, როცა მე და ჩემს ოპერატორს, ლევან ბრეგვაძეს, დაგვესხნენ თავს. ამ დღის შემდეგ აქტიურად ვსაუბრობ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნიათობაზე, იმაზე, რომ უწყება არაფერს აკეთებს. - ამბობს გუგა მაისურაძე

 ,,ფორმულას ჟურნალისტი, ლუკა ხაჩიძე, აცხადებს, რომ მისი და ოპერატორის ცემაში მონაწილეობას 50-მდე ადამიანი იღებდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს არც ერთი მათგანი იდენტიფიცირებული არ ჰყავს. 

5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად მცნეს. მანამდე მე და ჩემი ოპერატორი ვიმყოფებოდით თბილისის მთავარ სამმმართველოში და დეტალები გავიხსენეთ. ჩვენს ეპიზოდში 50-60 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა არც ერთი მათგანი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. - განაცხადა ლუკა ხაჩიძემ.

5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 53 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. რადიკალური დაჯგუფების წევრების ძალადობის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეომასალა არსებობს, თუმცა შსს-ს ბევრი მოძალადე იდენტიფიცირებული არ ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები