გადასულები არიან იმ მოქალაქეების ტერორზე, რომლებიც რუსულ რეჟიმს ებრძვიან - ქაცარავა მანაგაძის ცემაზე

07.06.24 19:59
გადასულები არიან იმ მოქალაქეების ტერორზე, რომლებიც რუსულ რეჟიმს ებრძვიან - ქაცარავა მანაგაძის ცემაზე

ე.წ. სიკვდილის ბრიგადები და მოქალაქეების დაშინების მცდელობა - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას "ქართული ოცნების" მიზანმიმართულ პოლიტიკას უწოდებს.

სამოქალაქო აქტივისტი "დღის ამბების" ეთერში აცხადებს, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება მთავრობის "ტიტუშკებმა" დაკვეთით განახორციელეს.

"გადასულები არიან იმ მოქალაქეების ტერორზე, რომლებიც რუსულ რეჟიმს ებრძვიან" - ამბობს ქაცარავა და იქვე დასძენს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მსგავს ძალადობრივ შემთხვევებს ახალისებს.

სამწუხაროდ, ეს მოულოდნელი ამბავი არ არის. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა ამ მთავრობის, რომელიც გადასულია მოქალაქეების და იმ აქტივისტების პირდაპირ ტერორზე, რომლებიც რუსულ რეჟიმს ებრძვიან. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ სისტემა გადასულია წახალისებაზე. იმდენად გათავხედებულები არიან და გარანტიები აქვთ ამ "ტიტუშკებს" იმისა, რომ მათ არავინ არ შეეხებათ და პირიქით, წაახალისებენ კიდევაც. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერც დაიჯერებს, რომ ეს ქუჩური გარჩევა იყო. ეს არის კონკრეტული დაკვეთა. ეს ადამიანები არ დაისჯებიან და ტერორის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება", - ამბობს ქაცარავა.

ნიკო მანაგაძეს 4-მდე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა. სასტიკი ანგარიშსწორება თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.

"პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე თავდასხმის შემსწრეები ყვებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდას.

კადრები, სადაც ჩანან ნიკო მაგანაძეზე თავდამსხმელები.

მსგავსი სიახლეები