"ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - კაციტაძის უწყება "Byline Times" სტატიაზე
ბრიტანული გამოცემის, "Byline Times"-ის სტატიას, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სასმახურის წარმომადგენლების ლონდონში ვიზიტის ეხებოდა, კაციტაძის უწყება დეზინფორმაციას უწოდებს. "პირველებისთვის" მიცემულ კომენტარში უწყება ამტკიცებს, რომ დიდ ბრიტანეტში ნამდვილად იმყოფებოდნენ, თუმცა არა იმ მიზნით, რაზეც სტატიაში იყო საუბარი.
2024 წლის მაისში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის განმავლობაში სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტო (NCA), მეტროპოლიტენის პოლიციის სამსახურის (MET) და პოლიციის კოლეჯის (College of Policing Office) წარმომადგენლებს.
აღნიშნული ღონისძიება 2024 წლის დასაწყისში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით და დაფინანსებით დაიგეგმა და განხორციელდა. ვიზიტის მიზანი სამსახურის გამომძიებლებისათვის პრაქტიკული და თეორიული სწავლება და ქართულ და ბრიტანულ სამართალდამცავ ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
შესაბამისად, სტატიაში გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაცია იწვევს ვიზიტში მონაწილე ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022-2023 წლებში 3 საერთაშორისო საგამოძიებო ქსელის წევრი გახდა, რომლის ფარგლებში უწყებას მუდმივი თანამშრომლობა და სასწავლო შეხვედრები აქვს ევროპის და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებთან, - ნათქვამია განცხადებაში.