ცოლს მანქანით გადაუარა, შვილის საშველად გამოსული მამა ადგილზე მოკლა - მარნეულში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

21.07.21 11:26
ცოლს მანქანით გადაუარა, შვილის საშველად გამოსული მამა ადგილზე მოკლა - მარნეულში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

სასტიკი მკვლელობა მარნეულში - "ტვ პირველმა" სოფელ ზემო სარალში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია. 

"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ელჩინ ალიევი დააკავეს. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ალიევმა 28 წლის ქალის ჩაცხრილვის შემდეგ ავტომობილით გადაუარა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შვილის საშველად გამოსულ მამასაც

2 ადამიანის მკვლელობის შემდეგ კაცი ყოფილი ცოლის სახლში შევიდა და ყოფილი სიდედრი და ცოლის ძმა დაჭრა. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. დედა-შვილის მდგომარეობა მძიმეა. 

საზარელი ტრაგედია ფირიევების ოჯახში ყურბან ბაირამის დღესასწაულზე მოხდა. ირკვევა, ისიც, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს 2 თვის წინ დაშორდა. კაცმა კი იარაღის ტარების უფლება გუშინ მოიპოვა. 

რომ დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად მოკლა, მანქანით გადაუარა. ხმაურზე მამა გამოვიდა და ისიც ადგილზე მოკლა. შემდეგ ოჯახში შეიჭრა და დედას და ქალის ძმას ესროლა. ისინი გადარჩნენ, მათი მდგომარეობა მძიმეა, როგორც გავარკვიეთ, სიძე დაკავებულია"- აცხადებს "პირველებთან" ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მკვლელობის დროს ყოფილი ცოლ-ქმრის მცირეწლოვანი შვილები ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ, რომელიც დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. 

ადგილზე ამ დრომდეც რჩებიან სამართალდამცავები, რომლებიც მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს იცავენ, რომ მოსალოდნელი დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული. 

26 წლის კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, სადაც ბრალის წარდგენის ღონისძიება რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. 

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ელჩინ ალიევი პოლიციას თავად ჩაბარდა, მეორე ნაწილის ინფორმაციით, კი ახალგაზრდა კაცი სასტიკი მკვლელობისა და დაჭრის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.