"პირველების" ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მაღალჩინოსნებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს

21.07.21 11:58
"პირველების" ინფორმაციით,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მაღალჩინოსნებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს

მოპარული მილიონები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, ირაკლი სირაძემ, ალექსანდრე პატეიშვილმა და მიხეილ ჭაბაშვილმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებულთა წრე გაიზარდოს. 

დაკავებულების ოჯახის წევრები მიანიშნებენ, რომ მითვისებული მილიონების კვალი წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობამდე მიდის.

აღიარებითი ჩვენების მიცემას უარყოფს მიხეილ ჭაბაშვილის ადვოკატი. მისი თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. 

ჩვენ დაველოდებით საქმის მასალებს, რომელსაც გამოძიება კანონის დადგენილი წესით გადმოგვცემს. მასალების გაცნობის შემდეგ მოხდება პოზიციის ფორმირება და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა პოზიცია ექნება ბრალდებულს საქმის მიმდინარეობის ფარგლებში. გამოძიების დასრულების შემდეგ გვექნება საბოლოო პოზიცია, თუ როგორ ვიმოქმედებთ"- აცხადებს ადვოკატი. 

საქმის მასალების თანახმად, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის - "მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის" უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.

გაშიფრული სქემის მიხედვით, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას. 

ამასთან, სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს.

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების უკანონო ქმედებით წახალისებული კომპანიები უმეტეს შემთხვევაში უხარისხოდ ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხები.

დაკავებული პირების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დოლარი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით  ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა  და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას  გულისხმობს.