მოქალაქეების Facebook გატეხეს და 10 500 ლარს დაეუფლნენ - დაკავებულია 5 პირი

21.07.21 12:14
მოქალაქეების Facebook გატეხეს და 10 500 ლარს დაეუფლნენ - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით  თბილისში, გორსა და წალენჯიხაში  5 პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით, 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს.

დაკავებულებს  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.