ანგარიშსწორება ბარითა და ხელკეტებით - ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახი ბრალდებულის მამას სასტიკად გაუსწორდა

21.07.21 13:04
ანგარიშსწორება ბარითა და ხელკეტებით - ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახი ბრალდებულის მამას სასტიკად გაუსწორდა

ანგარიშსწორება ბარით, თოხით და ჩაქუჩით - სოფელ ზემო სალარიში ადგილობრივების ნაწილი მკვლელობაში ბრალდებულ ელჩინ ალიევს ოჯახს გაუსწორდა.

მამაკაცი უგონო მდგომაროებაში ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. 

დამტვრეულია ოჯახის კუთვნილი ავტომობილებიც. ტრაგედია მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ დატრიალდა.

მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული კაცის დედა ამბობს, რომ მოკლული რძლის ნათესავებს მისი მოკვლაც უნდოდათ: 

სროლა, რომ ატყდა, ათამდე ადამიანი აქ შემოვარდა და ჩემს ქმარს დაუპირისპირდა. შურისძიების მიზნით არმატურები და ხელჯოხები ურტყეს სახეში. ყბა აქვს მოტეხილი. როცა უგონო მდგომარეობაში ეგდო, ამასობაში ორი მანქანა დალეწეს. 

მერე თქვეს, ახლა დედა მოვკლათო. ჩემზე მიანიშნებდნენ. საბედნიეროდ, ბავშვებთან ერთად გაქცევა მოვახერხე"- აცხადებს ბრალდებულის დედა. 

ქალის მტკიცებით, მისი შვილი და ყოფილი რძალი კონფლიქტურები არ ყოფილან და ერთმანეთს ცივილურად დაშორდნენ. 

ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ელჩინ ალიევი დააკავეს. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ალიევმა 28 წლის ქალს ჩაცხრილვის შემდეგ ავტომობილით გადაუარა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შვილის საშველად გამოსულ მამასაც. 

2 ადამიანის მკვლელობის შემდეგ კაცი ყოფილი ცოლის სახლში შევიდა და ყოფილი სიდედრი და ცოლის ძმა დაჭრა. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. დედა-შვილის მდგომარეობა მძიმეა.